Ideas

5/col-right/Ideas

ტამიშის დესანტი. ავტორი - გიორგი გიგინეიშვილი

"წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება"
წინაპირობა

1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილებიც იყვნენ ავიაციით, არტილერიით, თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებით, და რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. 


   აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო მხარდაჭერის პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან. სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი შანსი, რომ აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაგერალა“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ პაველ გრაჩოვმა (გენ.შტაბის ხელმძღვანელი)), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ პოზიციები კვლავინდებურად მდინარე  გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა.

   აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა,  ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მაშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს ვ. არძინბა უშუალოდ ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაპირდა. რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე ფაქტიურად ძალდატანებით დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც.

    1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციი თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო, ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების კოსმოსური ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების  და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ კოსმოსური ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი სამიზნე მხოლოდ ერთი იყო და რეალურად სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავებას ითვალისწინებდა და სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა გახლდათ. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა.

    დარტყმის პირველი მიმართულება იყო ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მათავარი მიმართულება იყო სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დარტყმა, თავად ამ მიმართულებასაც ქონდა ცალკე  ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა მიღოთ და შეეტიათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ ზავის პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების.  სამხედრო საინჟინრო ჯგუფების დახმარებით გუმისთის ჩრდილოეთით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყო. ვინაიდან ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. აღმოსავლეთის ფრონტზე ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები და სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში და ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა საკითხი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გაგადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების და ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 

18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა ტყვარჩელში, ტრადიციული რუსული მეთოდით.  გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 24 ივნისს აფხაზებმა "გრადებით" დაბომბეს სოხუმის ცენტრი, 120 რაკეტა გაუშვეს, 20მდე დაღუპული მშვიდობიანი პირი, ათეულობით დაჭრილი, გადაიწვა თითქმის ერთი კვარტალი. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა, ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია.

ტამიშის დესანტი




1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათს დღეს 21:00 საათზე რუსულმა-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე  კატერი აცილებდათ.  სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვა და სხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის დაგჯუფებიდან არჩეული გამოცდილი 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“  50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ (აფხაზი ერის დასახმარებლად შექმნილი ე.წ. სამობილიზაციო შტაბები 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, ლენინგრადში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში).


 ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო მონაკვეთში სამხედრო ხომალდი 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. უკვე ცხადი იყო, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დაჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა და ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა). 

   2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის ჯავშან.ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე.

  საერთო გეგმის ფარგლებში გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში, თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვეს წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ.   

   
   დაახლოვებით 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო ტრასა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო კორიდორის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მაშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში კორიდორი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი ადგილების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია აგიტირებს. საბოლოო ჯამში რაც არ უნდა ვთქვათ კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა.  
 
   ქართული ნაწილები, რომლებიც დეორგანიზებულები იყვნენ მიიღეს ინფორმაცია, რომ ზღვიდან დესანტი აპირებდა გადმოსვლას და არც იცოდნენ, რომ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტერი იყო მომდგარი და სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოვებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გაეხსნათ საარტილერიო ცეცხლი გემებისთვის, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-25 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება.


   რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიმართულებით განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის ბატალიონი, დუშეთის ბატალიონი, ჩოლოყაშვილის ბატალიონი, შავნაბადას ნაწილები, ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ზღვის ნაცვლად ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა განადგურებული პოზიციებზე. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს დივერსული ჯგუფი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში  სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს, თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო.


   ქართული მხარე მსგავსი მაშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ არც ოპერაციას ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, არ ელოდა რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ, ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყეველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. 

    დაახლოვებით 16 საათიდან ქართულმა ნაწილებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს, საღამოს უკვე მოხერხდა გარკვეული კოორდინირება და წინააღმდეგობა უფრო გააზრებულად ხორციელდებოდა, განსაკუთრებით გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა ტამიშის სკოლასთან, მაიმუნთსაშენთან და ანუაარხუს მთასთან. რუსული ავიაცია კვლავ გამოჩნდა ოჩამჩირის სიახლოვეს და ე.წ. გირლიანდები გადმოყარეს დიდი ოდენობით ისე რომ ოჩამჩირის რაიონის სოფლები შუა ღამისას მთლიანად გაანათეს. ანუაარხუს მთა სოხუმი-ოჩამჩირეს გზის საკონტროლებლად საუკეთესო სტრატეგიული სიმაღლე იყო, რომლიც დაკავებაც რუსულ-აფზახური ძალებითვის ამ მონაკვეთზე მთავარ ამოცანას წარმოადგენდა.

    მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა არც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე, იგი  პირველ რიგში შეეცადა მოსკოვში თავისი კავშირების მეშვეობით შეეჩერებინა შეტევა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ მიმართულებით აქტიურობას არანაირი სასარგებლო შედეგი არ მოყვებოდა და  რომ რუსებმა იგი მწარედ მოატყუეს. ამ ვითარების გაანალიზების შემდეგ  ედუარდ შევარდნაძემ პროფესიონალი სამხედრო გენერალი გუჯარ ყურაშვილი დაიბარა, რომელსაც დაავალა ოჩამჩირე სოხუმის გზის გახსნა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით. პარალელურად დაუკავშირდა დაჯგუფება „მხედრიონის“ ლიდერს ჯაბა იოსელიანს, რომელთანაც უკვე დიდი პოლიტიკური უთანხმეობა ქონდა და თხოვა „მხედრიონის“ ძალები (რომელიც მაისის შეთანხმების შემდეგ გამოიყვანა აფხაზეთიდან და მათი განიარაღების პროცესი დაიწყო)  კვლავ შეეკრიბა და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულიყო. ამავე დროს გვარდიის გენერლებმა შეძლეს ზვიად გამსახურდიას მომხრე სარდლის ლოთი ქობალიას დაქვემდებარებაში არსებულ თავდაცვის ძალებთან შეთანხმება და მათ ზუგდიდის გავლით გაატარეს (ლეგიტიმური ხელისუფლების ძალებს ჩაკეტილი ქონდათ ზუგდიდი-გალის მონაკვეთი), როგორც მხედრიონი ისე გვარდიის შენაერთები და მოხალისეთა ჯგუფები, რასაც გარდა მარშუტის გამარტივებისა და დროის მოგებისა, დიდი პოლიტიკური და მორალური მნიშვნელობა ქონდა, მეტიც სულ რამდენიმე საათიანი ურთიერთობის დროს სხვადასხვა ბანაკებში მყოფი ორი ქართული შეიარაღებული ძალა შეთანხმდა, რომ რუსულ-აფხაზურ დესანტს ერთობლივი ძალებით შეუტევდა! ეს უკვე დიდი საქმე იყო. გალში ჩავიდა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანიც, რომელიც გვარდიის ძალებს თვითნებურ დავალებებს აძლევდა და ამით დიდი არეულობა შექონდა ისედაც არეულ ქართულ შეიარაღებულ ძალებში, თუმცა საბედნიეროდ მოქმედი თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის ჩარევით მალევე შეჩერდა.  

   ოჩამჩირეში ჩასულმა გენერალმა ყურაშვილმა და ჯაბა იოსელიანმა დაიწყეს ადგილზე სიტუაციის შესწავლა, დაიყვეს სამოქმედო ტერიტორიები და სადაზვერვო საქმიანობა შეუდგნენ, სადაც უშუალოდ გადიოდნენ სარისკო პოზიციებზე. საკმაოდ რთული იყო ჩვენი ნაწილების მდებარეობის დადგენა, იმის გამო, რომ ისედაც ელემენტარული საკომუნიკაციო საშუალებები მთლიანად მოშლილი იყო ადგილზე, ამასთანავე არ ელოდნენ ადგილზე დატოვებული ხუთასზე მეტი შეიარაღებული პირის განეიტრალებას (მათი ძირითადი ნაწილი ან დაჭრილი იყო ან გარდაცვლილი ან ტყვედ აყვანილი, მცირე ნაწილებმა გამოაღწიეს რამდენიმე დღეში სამშვიდობოს), თუმცა დღის ბოლოს ძირითადი ინფორმაცია მაინც შეიკრიბა. აქ დადგა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი ქართული მხრიდან ომის წარმოების ტაქტიკურ-სტრატეგიული ასპექტში, ქართულ ძალებს ცოცხალი ძალის სიმცირის გამო მოუწიათ არჩევანის გაკეთება, უნდა ემოქმედათ სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის მიმართულებაზე (ე.წ. დარტყმის ძირითად მიმართულებაზე), თუ გაეხსნათ ოჩამჩირე სოხუმის გზა და გაენადგურებინათ დესანტი. ქართულმა ძალებმა მიიღეს გადაწყვეტილება და პირველი რიგის ამოცანად ალყაში მოქცეული სოხუმის გზის გახსნა მიიჩნიეს, გუმისთის სანაპიროს და შრომა-კამანის მიმართულებაზე წინააღმდეგობის გაწევა არსებულ ძალებს დაევალათ, რომელთაც არც შეიარაღება და არც ცოცხალი ძალა ყავდათ საკმარისი. თუმცა ამავე დროს განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუ დესანტის ლიკვიდაციის პერიოდში რუსები და აფხაზები შეძლებდნენ წინააღმდეგობის დაძლევას და გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე გადმოვიდოდნენ ან ახალშენი-შრომა-კამანის მიმართულებაზე წინ წაიწევდნენ, ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნის შემდეგ გაერთიანებული ძალებით შეუტევდნენ აფხაზებს უკვე სოხუმის ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებებზე. ამ გადაწყვეტილებას არაერთი სამხედრო ექსპერტი აკრიტიკებს და მიიჩნევს, როგორც საბედისწერო შეცდომას, თუმცა კონკრეტულად იმ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული სარდლები, რომლებმაც რეალურად იცოდნენ რა ძალები ყავდათ და რა ამოცანების შესრულება შეეძლოთ საკმაოდ მტკიცე არგუმენტები გააჩნიათ. 


   ქართულმა ძალებმა დაიწყეს დესანტის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები. თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი და სოხუმში არსებული ძალები სოხუმის მხრიდან კინდღი-ანუაარხუს მონაკვეთში ავიწროვებდნენ მოწინააღმდეგეს, მხედრიონის, გვარდიის, ბატალიონი „ავაზას“ და რაც მთავარია ლოთი ქობალიას ნაწილებმა ოჩამჩირის მხრიდან დაიწყეს მოქმედება. 

კამანის და შრომის შტურმი

    2 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანის ჩრდილოეთით ტექნიკის მხარდაჭერით სოხუმჰესი, სოფელი გუმა და სოფელი ახალშენი დაიკავეს, ადგილობრივი ქართული ძალები ცდილობდნენ წინააღმდეგობის გაწევას, თუმცა მათი ცოცხალი ძალა და შეიარაღება იმდენად მწირი იყო დაახლოვებით 1500 კაციან დაჯგუფებას რეალური წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. 4 ივლისს აფხაზებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ми-2 ტიპის ვერტმფრენებით სცადეს შრომის სიახლოვეს არსებული სიმაღლე ახბიუკის დაკავება, თუმცა ქართულმა ძალებმა ორივე ვერტმფრენი გაანადგურეს, აფხაზებმა 50 მებრძოლი დაკარგეს. აგრეთვე რუსულ-აფხაზური ძალები სოხუმის ჩრდილოეთით „ცუგუროვკის“ მთის სიახლოვეს ქართველების მიერ დანაღმულ ტერიტორიებზე მოხვდნენ და მძიმე დანაკარგები მიიღეს, ისე რომ მრავალრიცხოვანი დაჯგუფება საშინელ პანიკაში ჩავარდა და საწყის პოზიციებზე დაბრუნება დაიწყო ქაოტურად, რა დროსაც კვლავ დანაღმულ მონაკვეთებზე გაიარეს. 


    ვითარება ისე გართულდა, რომ პოზიციებზე გასვლა ვლადისლავ არძინბას და ე.წ. თავდაცვის მინისტრს ყაბარდოელ სულთან სოსნალიევსაც მოუწიათ. ვითარების გამოსასწორებლად ადგილზევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილედ აფხაზის ეროვნების პირის ნაცვლად რუსეთიდან მოვლენილი მუჰამედ კილბა დაინიშნა (რომელიც აფხაზეთში ომის დაწყებისას პირველად ჩამოვიდა, ეროვნებით ჩერქეზი, მანამდე 1992 წლის ოქტომბერში გაგრის შტურმის ავტორი), მას უდიდესი გამოცდილება ქონდა ავღანეთის ომში მიღებული და თითქმის ყველა უმაღლესი სამხედრო ორდენით იყო დაჯილდოვებული. მუჰამედ კილბას გარდა მინისტრის მოადგილეობისა, უშუალოდ დაევალა სოხუმის ჩრდილოეთ მიმართულების შეტევის ხელმძღვანელობა. მან დაჯგუფების ყველა ხელმძღვანელი დაიბარა და გეგმისგან განსხვავებული მანევრით მოქმედებას მეორე დღიდან შეუდგა.
    
    5 ივლისს სეპარატისტები მდინარე გუმისთის ე.წ. ორი შენაკადის შეერთების ადგილზე განლაგებულ სოფელ კამანს მიადგნენ აღმოსავლეთ ფლანგიდან (ზემო ეშერის მხრიდან),  კამანი ისევე, როგორც სხვა ქართული სოფლები სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ დაიცალა თავდაცვის ძალებისგან და მას მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული დაახლოვებით 40 კაციანი ჯგუფი იცავდა ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით, სოფელი ახალშენის დაკარგვის შემდეგ ინფორმაცია კამანშიც მივიდა, ამავე დროს მათ აიყვანეს წინა დღეს ახბიუკთან ჩამოგდებული ვერტმფრენის, გადარჩენილი ეკიპაჟის წევრი, ეროვნებით სომეხი ბოევიკი, რომელიც აიძულეს ყველა დეტალი დაწვრილებით მოეყოლა მომავალი შეტევის შესახებ და ოპერაციაში ჩართული ცოცხალი ძალის შესახებ. მიუხედავად ზუსტი ინფორმაციებისა კამანელებმა თათბირზე გადაწყვიტეს წინააღმდეგობის ბოლომდე გაწევა! რაც რეალურად მიზანმიმართულ და გააზრებულ თავგანწირვას ნიშნავდა. 

    უთანასწორო თუმცა საოცრად გმირული ბრძოლა გამთენიისას დაიწყო, გადამწყვეტ მომენტში ზაზა პაკელიანმა ცოცხალი ძალის დახმარება ითხოვდა სოხუმიდან, რაზედაც უარი მიიღო და საბოლოოდ მტრის ძალებით გარემოცულმა საკუთარი კოორდინატებიც კი მიაწოდა ქართულ არტილერიას, რომ მტერი მათთან ერთად მაინც გაენადგურებინათ, თუმცა ამაზეც უარი მიიღო. ბრძოლა საღამოს დასრულდა. კამანელთა 40 კაციანი რაზმიდან 23 დაიღუპა. მათ შორის გარდაიცვალნენ, მაგრამ საოცარი თავგანწირვის მაგალითი აჩვენეს მტერს თანამედროვეობის გმირებმა მეთაურმა ზაზა პაკელიანმა, მალხაზ კახიანმა, თამაზ ჩხეტიანმა, რაზმის წევრი მერი პაკელიანი კამანის ცნობილ ტაძართან იმყოფებოდა, როდესაც მტერმა მისი ტყვედ აყვანა სცადა, მერიმ მტერი ახლოს მოუშვა, ყუმბარა გახსნა და ოთხი ბოევიკი გაიყოლა საიქიოს. მართლმადიდებელმა კაზაკებმა არ დაინდეს კამანის ტაძარში მოღვაწე ბერი ანდრია ყურაშვილი, რომელსაც  დაქირავებულმა კითხეს თუ ვის ეკუთვნოდა ის მიწა რომელზედაც იდგა? ბერმა ანდრიამ უპასუხა, რომ მიწა უფალს ეკუთვნოდა, რის შემდეგაც იგი დახვრიტეს, მასთან ერთად დახვრიტეს სოფელში ჩარჩენილი მოსახლეობის ძირითადი ნაწილიც, ხოლო სოფელი გადაწვეს.  კამანის ბრძოლის შესახებ აფხაზები ქართული მხარის ცოცხალი ძალის შესახებ არარეალურად დიდ ციფრებს ასახელებდნენ ვინაიდან დაქირავებულ ბოევიკთა და აფხაზთა დაჯგუფებამ მხოლოდ გარდაცვლილთა სახით ომოცდაათამდე მებრძოლი დაკარგა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი სამოცდაათს აღემატებოდა. შემდგომში ამ ბრძოლის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფულიც კი გამოიყო ერთი უხარისხო პროპაგანდისტული ფილმის გადასაღებად. 
    
    კამანის დაკავების შემდეგ 7 ივლისს აფხაზთა და დაქირავებულთა დაჯგუფებამ (მათ შორის იყო ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი და ცხინვალიდან ჩასული ოსური დაჯგუფება ალან ჯიოევის ხელმძღვანელობით, ჩეჩნური დაჯგუფება შამილ ბასაევის ხელმძღვანელობით და რუსი ინსტრუქტორები და მედესანტეები) სოფელ შრომას შეუტია, ქართულმა სარდლობამ კამანიდან მიღებული შემზარავი ინფორმაციის შემდეგ მოახერხა და შრომაში მცირე ძალები გაგზავნა, შუა დღისას ცხადი გახდა, რომ შრომაში არსებული ქართული ნაწილები შეტევას ვერ გაუძლებდნენ და მტერმა უკვე სოფლის ცენტრსაც კი მიაღწია, ამიტომ ქართულმა სარდლობამ მდინარე გუმისთის ფრონტიდან მოხსნა რამდენიმე ბატალიონი და შრომაში გადაისროლა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ რუსულ-აფხაზურ მხარეს მოსკოვიდან  მიღებული კოსმოსური ფოტოებით ზუსტი ინფორმაციები გააჩნდათ ჩვენი პოზიციების შესახებ რაც ერთი ორად უადვილებდათ საქმეს. 


    შრომაში დამხმარე ძალის გამოჩენით ქართულმა მხარემ შეძლო მოწინააღმდეგის გარკვეული ძალების განადგურება და ძირითადი ნაწილების განდევნა სოფლიდან. თუმცა ქართულ მხარეს სამწუხაროდ ბრძოლისუნარიანი ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ შრომასთან შეტაკებაში გამარჯვებული ნაწილები ადგილზე დაეტოვებინა, ამიტომ ისინი კვლავ გუმისთის ხაზზე დააბრუნა, სადაც აფხაზური შეტევის ერთ-ერთი მიმართულება ცნობილი სქემის მიხედვით კვლავ აქტიურ ფაზაში იყო და მუდმივად მასიური შეტევის დაწყების იმიტაციას ახდენდა, ხოლო შრომაში გამოუცდელი დაცვის პოლიციის ძალები ჩააყენა. აფხაზური ნაწილების რუსმა დაქირავებულმა მედესანტეებმა ჯერ სათანადოდ დაზვერეს შრომის დაცვის ხაზი, ხოლო მეორე ღამით დაგეგმეს ოპერაცია, რა დროსაც დაცვის პოლიციის სრულიად გაუმართლებელ ადგილებში განლაგებულ საგუშაგოებს დაესხნენ თავს, გუშაგები ამოხოცეს, ხოლო სოფელში მივლენილი დანარჩენი პოლიციელების დიდი ნაწილი ძილშივე ე.წ. „კოლუმბიური ჰალსტუხებით“ მოკლეს (ამ სისასტიკის ჩამდენი რუსეთის რამდენიმე მოქალაქე ქართულმა ნაწილებმა ტყვედ აიყვანეს და საჯაროდ დახვრიტეს სოხუმის სიახლოვეს). 
    2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა აფხაზი ე.წ. სახელმწიფო გმირის კიანუს ანგუხაას ვიდეო ინტერვიუ, სადაც იგი იხსენებს ორ ქართველ მებრძოლს, რომლებიც შრომაში არსებული ქართული ძალების დასახმარებლად და ტყვია-წამლის მისაწოდებლად მსუბუქი მანქანით სოხუმიდან მიდიოდნენ, აფხაზი მებრძოლის მონაყოლით ირკვევა, რომ ქართველები შრომის მისადგომებთან აფხაზურ 400 კაციან დაჯგუფებას მათთვის მოულოდნელად შეეჩეხენ, რა დროსაც ისინი გადმოხტნენ მანქანიდან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნენ და ორნი ოთხასის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ შეძახილებით გაუმარჯოს თბილისს, აფხაზებმა ტყვიამფრქვევების მასირებული და გაუთავებელი ჯერით მათგან ფაქტობრივად აღარაფერი დატოვეს (სწორედ ასე აღწერს აფხაზი დამნაშავე). სამწუხაროდ ამ ორი თავდადებული ქართველი მებრძოლის ვინაობა ქართული საზოგადოებისათვის უცნობია.
 
    სოხუმის ჩრდილოეთით მიუხედავად ქართველთა არაერთი გმირობისა, საბოლოო ჯამში აფხაზებმა სოხუმიდან 9 კილომეტრში არსებული სოფელი შრომა მაინც დაიკავეს და 12 ივლისს სრულად გაწმინდეს, რითაც საბრძოლო ოპერაციის ძირითადი ამოცანა შეასრულეს.

ტამიშის მიმართულება
   ტამიშის მიმართულებაზე განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა სიმაღლე ანუაარხუსთვის რამდენჯერმე გაიმართა,  როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის გენ.შტაბი დესანტის ძალებზე დიდი იმედებს არ ამყარებდა, თუმცა მათ საბოლოო ამოცანად სიმაღლის დაკავებას და მისი ტყვარჩელის დაჯგუფების კონტროლირებად სივრცესთან მიერთებას გეგმავდა. ანუაარხუზე ჩარჩენილი ბატალიონ „შავნაბადას“ მცირე ძალები სისხლის ბოლო წვეთამდე იცავდნენ სიმაღლეს და აფხაზთა რამდენიმე შეტევას მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ.


    ოჩამჩირის მხრიდან მოქმედმა ქართულმა ძალებმა შექმნეს ერთიანი სამეთაურო შტაბი და დაიწყეს მოქმედება. ზღვის მხრიდან ლოთი ქობალიას ძალები უტევდნენ ორასი გამოცდილი მეომრით, ცენტრში ფრონტალურ შეტევას გუჯარ ყურაშვილი მძიმე ტექნიკით და მხედრიონის 400 კაციანი შენაერთი ახორციელებდა, ხოლო ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავაზას ნაწილები იყვნენ. ქართული ჯარების თავშეყრა უყურადღებოდ არ დარჩენია რუსულ მხარეს და ამ ოპერაციაში უკვე მესამედ გამოიყენა საკუთარი ავიაცია. ამჟამად უკვე მაშტაბური დაბომბვები განახორციელა ქართული სამეთაურო შტაბის მიდამოებში, თუმცა საკმაოდ არაზუსტი დარტყმებით. ლოთი ქობალიას ძალებს სპეციფიური სიტუაცია შეექმნათ მრავალი თვის განმავლობაში მაყურებლის როლში აკვირდებოდნენ, როგორ ებრძოდა ქართული სახელმწიფო მტერს მათ გარეშე და გაუგებარი პოლიტიკური მიზეზებით მათი ჩართვა იკრძალებოდა, იღუპებოდნენ მათი ნათესავები, ახლობლები, მეგობრები, თუმცა ისინი ზუგდიდში, ხობში, სენაკში და სხვა ადგილებში იდგნენ მშვიდად, თითქოს არც არაფერი ხდებოდა (იმ პერიოდისათვის და მასშტაბებისთვის კარგი შეიარაღებით), მაგრამ ერთი სურვილით დამდგარიყვნენ იქ სადაც იყო მათი ადგილი, შესაბამისად პირველივე შესაძლებლობის დროს მათ საოცარი აღმაფრენა აჩვენეს ქართულ სახელმწიფოს, ისე რომ რამდენჯერმე საერთო სამეთაურო შტაბმა მათ წინსვლის შეკრებაც კი უბრძანა, რომ ერთიანი ფრონტის ხაზი არ დარღვეულიყო. 

    მაიმუნთსაშენთან „მხედრიონის“ ნაწილებმა მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით უპირატესობა მოიპოვეს და რამდენიმე საათში გამოცდილმა რუსულმა დესანტის ნაწილებმა დაყარეს პოზიციები და ლაბრის მიმართულებით გაიქცნენ. მხოლოდ ბატალიონ „ავაზას“ ნაწილები (რომლის ხელმძღვანელი ტრისტან წითელაშივლი იყო) გამოეთიშენ საბრძოლო ოპერაციას, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით.  ასეთი გააზრებული და ორგანიზებული კონტრ.შეტევის პირობებში დესანტი და ტყვარჩელის დაჯგუფება მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ძალები მოიკრიბა და 9 ივლისს გამთენიისას საბოლოოდ შეეცადა სიმაღლე ანუაარხუს დაკავებას, გააფთრებული ბრძოლები ექვსი საათი გრძელდებოდა, თუმცა საჭირო მომენტში ახალ კინდღში განლაგებულმა საარტილერიო ბატალიონმა ზუსტი ცეცხლი აწარმოვა დესანტის მიმართულებით. დესანტმა და ტყვარჩელის დაჯგუფებამ ჯამში ორასამდე მებრძოლი დაკარგა ერთ დღეში, რაც ძალიან დიდ დანაკარგს ნიშნავდა მათთვის. დესანტი კინდღის მიმართულებით შეეცადა გასვლას, თუმცა აქაც კასპის ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა, საბოლოოდ დაიქსაქსა და მცირე ჯგუფებით დაიწყო ტყვარჩელის მიმართულებით გადასვლა. რითიც საბოლოოდ დაასრულა ოპერაცია. ოჩამჩირე სოხუმის მაგისტრალი გაიხსნა და ქართული ძალების კონტროლის ქვეშ დაბრუნდა. სხვადასხვა ქართულ წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ე.წ. ტამიშის დესანტი სრულად იქნა განადგურებული, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, დესანტის მნიშვნელოვანი ნაწილი მართლაც განადგურდა, თუმცა მათი ძირითადი ნაწილი გადარჩა და შემდგომში სოხუმის აღებისათვის წარმოებულ სექტემბრის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, კონკრეტულად მდინარე კოდორის პიკეტში, ხოლო ის ოფიცრები, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი რანგის იყვნენ და ჭირდებოდა რუსულ არმიას, მომდევნო სამშვიდობო შეთანხმების დროს გაიყვანეს ტყვარჩელიდან თავისმა დამკვეთებმა.  


    სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით აფხაზებმა სოფელი შრომის დაკავების შემდეგ საბრძოლო მოქმედებები 14 ივლისამდე ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში გააგრძელეს, რა პერიოდშიც ყველა სიმაღლე უკვე აფხაზების ხელში გადავიდა. გარდა სოფლებისა კამანი, ახალშენი და შრომა მათ სტრატეგიული სიმაღლეები აპიანდა, იაშტუხა და ახბიუკიც დაიკავეს, რითაც ფაქტობრივად ჩრდილო-დასავლეთიდან რკალში მოაქციეს სოხუმი და ქართული ნაწილები, ეს უკვე მათ ძალიან უადვილებდათ საბოლოო საქმეს.   

   ქართულმა მხარემ წინასწარ პროგნოზირებული დაკარგული პოზიციების დაბრუნების ოპერაციისათვის მზადება დაიწყო, თუმცა დაგეგმილი გაერთიანებული ლაშქრის შეკრება ვერ მოხერხდა, ლოთი ქობალია დესანტის განადგურების, უფრო ზუსტად გაფანტვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში, მაგრამ იმ მომენტისათვის მეათეხარისხოვან საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო განაცხადა, რომ მიცემული პირობა მან შეასრულა და თავისი საჯარისო ნაწილებით ისე დაიძრა უკან სამეგრელოში თითქოს ფსოუმდე ყავდა გადარეკილი მტერი, ხოლო ზუგდიდში პომპეუსისეული ზარ-ზეიმით შევიდა. სამაგიეროდ აფხაზებმა საერთო ოპერაციის ფარგლებში წინასწარვე გათვალეს შრომის და ახბიუკის სიმაღლის მიდამოებში მათ მიერ დასაკავებელი პოზიციების გამაგრებისათვის საჭირო საინჟინრო სამუშაოები და ორ დღეში სამუშაოების აუცილებელი ნაწილიც ჩაატარეს და იარაღის მარაგებიც აიტანეს, რაც მათი მხრიდან ძალიან დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული, თუმცა მათ ეს მოახერხეს და საერთოდ მათი სურვილი ქართველებისგან გაეწმინდათ ტერიტორია იმდენად დიდი იყო, რომ ბაგრამიანის ბატალიონის სარდალმა გალუსტ ტრაპიზონიანმა (რომელიც დღესაც მაღალ სახელწიფო თანამდებობას იკავებს დეფაქტო მთავრობაში), რომელიც ფეხში მძიმედ დაიჭრა, საველე ექიმებს დაზიანებული ფეხის მოკვეთა უბრძანა და რამდენიმე საათში საკაცით გააგრძელა გზა თავის რაზმთან ერთად.

    ქართულ ნაწილებს ფაქტობრივად ორი კვირა გამუდმებულ ბრძოლებში მოუწიათ ყოფნა შესვენების გარეშე და გამოფიტნენ, ტამიშის მიდამოებში დესანტის მიერ განადგურებული დაჯგუფებების სრული ჩანაცვლება-შევსებაც აუცილებელი გახდა, მინიმუმზე იყო უკვე საბრძოლო მასალების მარაგიც. შეთხელებულმა ქართულმა ნაწილებმა შრომა-კამანის დაბრუნების ოპერაცია 17 ივლისს დაიწყეს. ბრძოლაში ჩაება 23-ე ბრიგადის ბატალიონები, ქუთაისის ბატალიონი, ბატალიონი თეთრი არწივი, აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. თავდადებული ბრძოლების მიუხედავად ქართველებმა დაკარგული პოზიციები ვეღარ დაიბრუნეს.

შედეგები
    ბრძოლის ორივე მიმართულებაზე ქართულმა მხარემ 1 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა მონაცემებით 500-დან 800-ადამიანამდე (მშვიდობიანი მოსახლეობა და შეიარაღებული პირები ერთად) დაკარგა, რაც ძალიან დიდი დარტყმა იყო, არამარტო შეიარაღებული ძალებისათვის არამედ მთელი ქვეყნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე ბევრად უფრო გამოცდილი, მომზადებული და უფრო თანამედროვე საშუალებებით იყო შეიარაღებული, სულ რაღაც ოცდღიან მონაკვეთში თავად ქართულმა ძალებმა გაანადგურეს ხუთასზე მეტი ბოევიკი და სეპარატისტი, ჩაძირეს სამი კატარღა, ერთი მცირე ზომის გემი, ჩამოაგდეს ორი ვერტმფრენი, გაანადგურეს ათზე მეტი მძიმე ტექნიკა, ხელში ჩაიგდეს დიდი ოდენობით შეიარაღება.

    რუსეთის გენ. შტაბმა ოპერაცია „ქარიშხალი 777“-ით დასახული ამოცანა მნიშვნელოვანწილად შეასრულა, ვინაიდან მათ შეძლეს სოხუმის ჩრდილოეთით სანატრელი პოზიციების დაკავება, რაც მათ სოხუმის საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებლად ჭირდებოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს სიმაღლე ანუაარხუს დაკავება და ტყვარჩელის დაჯგუფების სივრცესთან მიერთება, თუმცა ამ უკანასკნელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა (რაც გვაჩვენა კიდევაც 1993 წლის 16 სექტემბერს დაწყებულმა სოხუმის შტურმმა). იმდროინდელი ქართული შეიარაღებული ძალების გარკვეული წარმომადგენლები „ტამიშის დესანტის“ ოპერაციის წარმატებულ ოპერაციად წარმოჩენის მიზნით აცხადებენ, რომ ივლისში აფხაზების ამოცანას წარმოადგენდა სოხუმის დაკავება, რაც არ შეესაბამება რეალობას. სოხუმის დაკავება თეორიულად კი განიხილებოდა აფხაზების შტაბში (სიმაღლე ანუაარხუს დაკავების შემთხვევაში) და რომელიმე აფხაზ საველე მეთაურს შესაძლებელია ამის სურვილი და მოლოდინი ქონდა, მაგრამ ე.წ. თავდაცვის მინისტრი სოსნალიევი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები არ გეგმავდნენ ზედმეტ რისკზე წასვლას, ვინაიდან კარგად იცოდნენ, რომ აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები კიდევ ერთ სამშვიდობო შეთანხმებას დადებდნენ ქართულ მხარესთან, რომელსაც სამხედროები სათანადოდ გამოიყენებდნენ მომავალი ოპერაციის დასაგეგმად და „შეთახნმების დარღვევის ეფექტით“ კვლავაც სამხედრო წარმატებას მიაღწევდნენ, როგორც ეს გაგრის შტურმის შემთხვევაში გააკეთეს მანამდე და საერთოდ სწორედ შეთანხმების დარღვევის ეფექტი/კომპონენტი განსაზღვრავდა მათ სამხედრო წარმატებებს ომის ყველა ეტაპზე, ამიტომაც მოყვა ვ. არძინბას მკაცრი პროტესტი კონფლიქტის ზონაში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ჩასვლას 1993 წლის ივლისში. 

    დღეისათვის უკვე გახსნილია ინფორმაციები თუ როგორ ხდებოდა რუსების და სეპარატისტების მიერ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება, უწყვეტ რეჟიმში მომავალი საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-მომზადება, შემდეგ ნებისმიერი ფორმალური მიზეზის მოძებნა (ცოტა უცნაურია მაგრამ, რასაც აუცილებლად აკეთებდნენ რუსეთის გენ.შტაბის და არძინბას დავალებით) რათა ქართული მხარე დაედანაშაულებინათ შეთანხმების დარღვევაში და მოულოდნელი თავდასხმა. ცამეტთვიანი ომის განმავლობაში ფაქტობრივად რუსებს და აფხაზებს არც ერთი სამხედრო წარმატებისთვის არ მიუღწევიათ სტანდარტულ საომარ პირობებში, მხოლოდ შეთანხმების დარღვევის ეფექტით დაიკავეს გაგრის ზონა, შრომა-კამანი და შემდგომში სოხუმი. ეს უღირსი ბრძოლის წარმოების მეთოდი საკმაოდ გამართულად ამუშავეს სეპარატისტებმა და მათმა მფარველებმა კრემლში. 


    მომდევნო ასეთი შეთანხმება 1993 წლის 27 ივლისს ქალაქ სოჭში გაფორმდა, ოფიციალური დასახელებით „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ“, შეთანხმების გარანტად ისევ რუსეთი დარჩა, რაც თვენახევარში საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მაშტაბური კატასტროფის წინაპირობა გახდა.   
       

სტატიის ავტორი  გიორგი გიგინეიშვილი
2020წ.

Отправить комментарий

0 Комментарии