16 სექტემბერს დაიწყო ბრძოლები სოხუმისთვის და ყოველგვარი კავშირი გაწყდა ბიძაჩემთან, რასაც მამა ძალიან განიცდიდა. მას ერთადერთი ძმა უზომოდ უყვარდა. დაეცა სოხუმი და მამის ნერვიულობამ პიკს მიაღწია. ყოველ დღე 15 კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა სოფელ ჯვარის გადასახვევთან ჩამოსულ ლტოლვილებს გასაუბრებოდა და ძმაზე რამე გაეგო, მაგრამ უშედეგოდ.
გადიოდა დღეები, აფხაზეთში მცხოვრებ ნათესავთა ასავალ-დასავალი გავიგეთ, ბიძაჩემი კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ერთ შეღამებულზე ყველანი სახლში ვიყავით შეყუჟულები. (ნორმალური ადამიანი ღამე გარეთ ცხვირს ვერ გაყოფდა, იმის შიშით ვიძინებდით, თავს ვინ დაგვესხმოდა და ყოველი დილა მეზობლებთან იმის გაგაებით იწყებოდა, თუ ღამით ვინ დააყაჩაღეს). ძაღლმა გაბმულად ყეფა ატეხა. კარზე დააბრაგუნეს და ბიძის ხმაც გაისმა.
მისი გამოჩენა სასწაულს ჰგავდა. უვნებლად გამოეღწია, მხოლოდ ცოტათი შეფერთხილიყო და თმა სრულიად გათეთრებოდა .
იქ გადახდენილ ამბებზე არა თუ იმ ღამეს, მერეც კარგა ხანს კრინტი არ დაუძრავს: ”ცოცხალი გადავრჩი და…რად გინდათ იმ ჯოჯოხეთზე რამე იცოდეთო”- გვეტყოდა.
მოვიდა ახალი წელი, მიუხედავად ისეთი არეულობისა, განუკითხაობისა, მაინც გვიხაროდა. იმედით ველოდით მას. გვსურდა, მოეტანა მშვიდობა, ლტოლვილთა საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნება.
სუფრასთან მამამ დაღუპულთა სადღეგრძელო შემოგვთავაზა. ბიძაჩემს თვალები ცრემლით აევსო, ჭიქა ასწია: “უფალმა სასუფეველში ამყოფონო”- ჩაილაპარაკა, ღვინო დალია და დაიწყო:
“20 სექტემბერს სოხუმში უკვე დაიწყო აფხაზთა, ჩერქეზთა, სომხთა თუ რუსთა თარეში. ქართველებს ჯერ კიდევ გვჯეროდა, რომ მთავრობა სოხუმს არ გასწირავდა, იმედით შევყურებდით მომდევნო დღეს, მაგრამ თავს კი ვარიდებდით ქალაქში გასვლას, ხან ერთ მეზობელთან ვიკრიბებოდით, ხან მეორესთან. თანდათან გაჭირდა ქართველების ყოფა. არსად იშოვებოდა პური, სხვა პროდუქტებზე რომ არაფერი ვთქვათ. 24-ში საღამოს ზაურ თარბამ მომაკითხა, ჩემი გოგოს მეგობარმა. სამი ტომარა პური მომიტანა:
-მეზობლებს დაურიგე ძია ბორია, მე და ჩემი მეგობრები ახლა შრომაში მივდივართ, ორ დღეში დავბრუნდებით, შენ არ იდარდო, მე არაფერს გაგიჭირვებ.…
გადამეხვია და ბნელში გაუჩინარდა. ორ დღეში ექვსივეს დაღუპვის ამბავი გავიგე. ძალზე შემეცოდნენ უსახელოდ, ძმათა ომში დაღუპული ბიჭები. ქართველებიც მენანებოდნენ და აფხაზებიც, რა გვქონდა გასაყოფი?!
ჩემი აფხაზი მეზობლები მირჩევდნენ დარჩენას, მაგრამ ცოლ-შვილის, მომავალი შვილიშვილის დარდით იქ ვერ გავჩერდი. 27 დილით დავტვირთე მანქანა იმით, რაც ღირებული გაგვაჩნდა და მანქანაში ჩაეტეოდა. ბენზინით სავსე ავზი მაძლევდა იმედს, რომ როგორმე, თუნდაც შემოვლითი გზებით გამოვაღწევდი.
სოხუმიდან გასვლა არ გამჭირვებია, მე ხომ აფხაზურიც კარგად ვიცი. ის იყო გულრიფში გავიარე რომ წინ ავტომატიანები გადამიდგნენ. არ გაჭრა არც რუსულის, არც აფხაზურის ცოდნამ. ძალა აღმართს ხნავდა და გულის ტკივილით გამოვემშვიდობე ჩემს სიამაყეს “ვოლგასაც” და წლობით ნაგროვებ ქონების ნაწილსაც. ერთი კვირა ბუჩქებში ვიმალებოდი. მხოლოდ ღამით ვბედავდი სიარულს, კიდევ კარგი, შემოდგომა იყო და ხილით ვიკლავდი შიმშილს.
ბოლოს უპურობამ ერთ სახლში მისვლაც გამაბედინა. ძაღლის ყეფაზე ხანშიშესულმა ქალმა გამოიხედა. აფხაზურად ვთხოვე, პური ან ღომი მომეცით-თქო, ქალმა სიბრალულით შემომხედა, “არა მგონია აფხაზი იყო, სახლში ვერ შეგიყვან პურს კი მოგცემო”, შებრუნდა და ერთი ტაფა პური გამომიტანა. გახარებულმა მადლობა გადავუხადე და იქვე მოვატეხე ყუა. ეს პური უნდა გამომეზოგა, როგორმე გალამდე მაინც უნდა მომეღწია, მერე მეგობრების იმედი მქონდა. გალში ჯერ კიდევ არ იყო ასეთი არეული სიტუაცია.
გზა განვაგრძე, მინდორ-მინდორ მივდიოდი, ვცდილობდი, არავის შევემჩნიე.
დაღლილობისგან ფეხები მომეკვეთა. ერთ ბუჩქს შევეხიზნე დასაძინებლად. ეტყობა მკვდარივით ჩამეძინა. წიხლის კვრამ გამომაღვიძა:
-Ей, ты, свинья! Вставай! - თავს ორი, წვერგაუპარსავი, ავტომატიანი წამომდგომოდა. “ეჰ, ცოლ-შვილო”, გავიფიქრე და წელი ძლივს ავითრიე, ან რა უნდა მექნა?
-Грузин?
დამალვას აზრი არ ჰქონდა, მით უფრო ფეხსაცმელში პასპორტიც მედო, არ გადავაგდე, თუ დავიღუპებოდი, იქნებ ვინმე ღვთისნიერს ეთქვა ჩემს შესახებ.
-Да, грузин.
-Вот шакал, быстро в машину!
სატვირთო მანქანის ძარაზე ორი ავტომატიანი დამხვდა. ერთს, ეტყობა ისე იყო გალეშილი, ყურადღება არც მოუქცევია, რაღაცას ბურტყუნებდა თავისთვის, მეორემ კუთხისკენ მიმითითა. მივეგდე, გული ბოღმით მქონდა სავსე, ავტომატი რომ მქონოდა, ოთხივეს დაუნანებლივ მივახვრეტდი და მერე თუ მომკლავდნენ, დარდიც არ მექნებოდა.
კარგა ხანს ვიარეთ, გზაზე ავტომატიანები ირეოდნენ, ერთი-ორგან ტანკსაც მოვკარი თვალი ძარის ღრიჭოდან. როგორც იქნა გავჩერდით. ჩამომაგდეს, ერთმა ხელის კვრით გამიგდო წინ, მეორე უჩუმრად მოგვყვებოდა გვერდით. რაღაც ფარდულთან მიმიყვანეს. იქვე სამი, შეიარაღებული, გაუპარსავი, თმებაბურძგნული, თვალებდასიებული ახალგაზრდა ხის ქვეშ კარტს თამაშობდა.
კარი გააღო და შიგ შემაგდო. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მზე ანათებდა, უფანჯრო ფარდულში საკმაოდ ბნელოდა და მყრალი სუნიც იდგა.
-აქეთ ძია, აქეთ.- მომესმა კუთხიდან.
სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, ერთ კუთხეში ბიჭი, საშუალო ასკის ქალი და გოგონა შევნიშნე.
-საიდან ხარ ბიძია? - მკითხა ბიჭმა.
-სოხუმიდან - მივუგე ამოოხვრით.
-მე დრანდიდან ვარ, ვახტანგი მქვია, დალი დეიდა და თამარი კი გაგრელები არიან.
-ბევრი ხანია აქ ხართ?
-მე მეხუთე დღეა, ესენი კი მეათე. არც გარეთ გვიშვებენ, არც საჭმელს გვაძლევენ. სულ ორჯერ შემოგვიგდეს ცოტა პური და ერთი ვედრო წყალი მოგვცეს. უხ, ამათი დედა..- ხელი მომუშტა ბიჭმა.
-ეტყობა ვიღაცას ელიან - ჩაილაპარაკა მისუსტებული ხმით ქალმა. გოგონამ გულის დამწველად ამოისლუკუნა.
გულგასიებული მიწაზე მივეგდე, არ ვიცოდი რაზე მეფიქრა. გაქცევა? მაგრამ როგორ? ეტყობა საკმაოდ არიან, უაზრო სიკვდილი კი არ მინდოდა. ვნახოთ, რა იქნება, გავიფიქრე და მათ მივუბრუნდი.
- როგორ დაგიჭირეს?
- ჩვენ 2 დღე სოხუმში ვიმალებოდით, 25-ში მანქანით ვცდილობდით ამ ჯოჯხეთიდან გაღწევას, ოჩამჩირესთან ახლოს გადაგვიდგნენ, მანქანის წართმევისას მეუღლე შეეწინააღმდეგა და იქვე მიახვრიტეს..
ცრემლებმა გაგრძელების საშუალება არ მისცეს
- ჩვენ კი წამოგვასხეს და აქ დაგვამწყვდიეს - ჩამწყდარი ხმით დაასრულა შვილმა.
- მე და ჩემი მეგობარი… ქართველ მეომრებთან მისვლას ვცდილობდით, გზაზე შეგვნიშნეს, მათ დაძახილზე მისვლის ნაცვლად, ახლოს ხეებისკენ გავიქეცით. ის მოკლეს, მე კი მცემეს, მანქანაში ჩამაგდეს და აქ მომათრიეს - ბოღმიანი ხმით მითხრა ვახტანგმა.
- ეეხ! მეც მანქანა გულრიფშთან წამართვეს, მეოთხე დღეა მალვა-მალვით მოვდივარ , მაგრამ..
- იქნებ გაქცევა მოვახერხო თ- იმედიანად დაიჩურჩულა ვახტანგმა.
როგორც იქნა დაღამდა. არავის მოუცლია ჩვენთვის, არც კარის ბრახუნზე ჰქონიათ რეაქცია და არც ყვირილზე.
- ტყუილად იღლებით - მითხრა ბიჭმა – ესენი ადამიანები კი არა მხეცები არიან, სულ ფეხზე კიდიათ ჩვენი არსებობა.
მეორე დღეს, შუადღისკენ კარები გაიღო და ცხვირზე ხელაფარებულმა ახალგაზრდამ გამოსვლა გვანიშნა.
შუქმა ოთხივეს თვალი მოგვჭრა. შიმშილისგან დასუსტებულები, ჭუჭყიანები, დაუვარცხნელები გამოვლასლასდით. დღის შუქზე შევათვალიერე ტყვეები. ქალი საკმაოდ ლამაზი ჩანდა, გოგონა შეშინებული შველივით იხედებოდა, ცრემლის ნაკვალევი ჭუჭყიან სახეზე მოთეთროდ აჩნდა. შავი, გაწეწილი თმები მხრებს უფარავდა. კიდევ სამიოდე წელი და ულამაზესი ქალი დადგებოდა. ბიჭი გამხდარი, მაღალი, სიძულვილჩამდგარი თვალებით მოჭიმულ მშვილდს ჰგავდა.
-Подойдите! - გვიბრძანა ასაკოვანმა რუსმა. ეტყობოდა, ის უფროსობდა ამ ბრბოს.
უკანიდან გვიბიძგეს და ჩვენც მივიწიეთ მისკენ.
- Ты что, воевал против нас? - ჰკითხა ირონიით ბიჭს.
- К сожаленью, не успел - უპასუხა ბრაზით ჭაბუკმა.
- Ей, сопляк , это землья наша!
- Надеюсь, временно. Мы скоро вернемся!
- Ты?
- Если не я, то грузины. Вы вандалы!!
-Твою мать…
გაბრაზებულმა აიქნია ხელი და წამსვე ავტომატის ჯერი გაისმა. ბიჭი მიწაზე წაიქცა, ერთი ამოიხროტინა და გათავდა. თმა ყალყზე დამიდგა, გოგონამ იკივლა და დედას ჩაეხვია.
-А ты, старый шакал, куда-! - აგდებულად მკითხა მან.
ტვინში ამასხა, მაგრამ სიცოცხლე ტკბილი ყოფილა, ეტყობა, მე არ ვიყავი ვახტანგივით მამაცი და მოგუდული ხმით ვუპასუხე:
-Домой, в Зугдиди.
-Ты тоже вернешься?-დამცინავად მკითხა მან.
-Ты же грузин? Ненавижу грузинов. Сталин же грузин? По его вине я остался сиротой, его мать…
-Сталина я тоже ненавижу, мой отец тоже погиб на войне.- ვუთხარი მე და გულში სტალინს მეც ყველაფერი ამოვუტრიალე იმის გამო, რომ სოჭი რუსებს დაუთმო, თორემ მამა ხომ 3 წლის წინ გარდაიცვალა.
-Да… отойди временно, потом поговорим.- მითხრა და თანმხლებლებს გოგონას მოყვანა ანიშნა.
ერთი უკან დამიდგა ავტომატმომარჯვებული.
ორმა დედა-შვილისკენ გაიწია.
ქალმა იკივლა და შვილს ჩაეხვია. თამარი ატირდა.
-Отпусти, сука! - დედა-შვილი უფრო ჩაეხვივნენ ერთმანეთს. ერთ-ერთმა გოგოს ხელი წაავლო.
-არა, არ დაგითმობთ! Нет! Не отдам! Убейте, не отдам!!
-Приведите! - უღრიალა მან.
უცებ ქალმა შვილს ხელი უშვა და მასზე ჩაფრენილს სახეში ეცა და ჩამოკაწრა. მეორე არაკაცმა ავტომატი გაისროლა და დედა უსულოდ დაეცა მიწაზე. თამარი ხელიდან გაუსხლტა მოძალადეს და დედას კივილით დაემხო. იმ ორმა ვიგინდარამ ქალს ააგლიჯეს გოგონა და უფროსს მიჰგვარეს. უცებ თვალში მომხვდა მესამის რისხვით ანთებული თვალები და ბრაზით მომუჭული მუშტი.
-Не бойся, красавица! - გაუღიმა კაცმა და სახეზე ხელი ჩამოუსვა. გოგომ ბრაზით შეანათა ცრემლიანი თვალები და სახე მოარიდა. მან ბილწად ჩაიხითხითა, მოულოდნელად ხელი საკინძეში წაავლო და სწრაფი მოძრაობით გულისპირი ჩამოუფხრიწა გოგონას. თამარმა იკივლა და მოძალადეს შეაფურთხა. კაცმა გადაიხარხარა, სახე ხელით მოიწმინდა და გაკავებულს ორივე ძუძუზე წაუჭირა ხელები. თამარმა უფრო ხმამაღლა მიაკივლა და კაცს წიხლი ამოარტყა.
-Твою мать!!!- იღრიალა ტკივილისგან მოკაკვულმა და ისეთი სახით წამოიმართა, რომ..
უცებ ავტომატმა დაიკაკანა და გოგოს სხეული ჩვარივით ჩამოეკიდა იმ ორს ხელებზე.
გამძვინვარებული არაკაცი შემოტრიალდა. იმ ბიჭს, რომლის რისხვით სავსე თვალებიც მე შევნიშნე, ავტომატი ჯერ კიდევ შემართული ეჭირა.
-Что ты наделал? !- უღრიალა გამძვინვარებულმა რუსმა.
მან ავტომატი დაუშვა , უფროსს თვალებში ჯიქურად მიაჩერდა და მშვიდად მიუგო:
-Она Вас оскорбила, проститутка!
უსასოობისგან ტუჩები დავიკვნიტე. პირში სისხლის გემოს ვგრძნობდი. ალბათ იმ წუთებში სიცოცხლეს დაუნანებლად დავთმობდი, ოღონდ იმ სამის მისიკვდილება შემძლებოდა. იმ ახალგაზრდისადმი კი სიმპატიით განვეწყვე. მწამდა, მან ის გოგონა მართლა იმ მხეცის შეურაცხყოფის გამო კი არ დახვრიტა, არამედ იმ არაკაცების წაბილწვისა და ტანჯვისგან იხსნა.
უფროსმა ჩემსკენ გამოიხედა, თვალებში გაკვირვება აესახა, თავი გადააქნია. მიყურა, მიყურა და ხელის ჩაქნევით იმ ჩემს მოწონებულ ახალგაზრდას მიუგდო:
-Уведи его!
მან ხელით ფარდულისკენ მანიშნა, შიგ შესულს კარი მომიხურა და გასაღები გადაატრიალა.
უუფლებობისგან გაცოფებული ბოლთას ვცემდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ჩემს თავზეც გამწარებული ვიყავი უმოქმედობისგან, მაგრამ ისიც ვიცოდი, ვერცერთს ვერაფერს ვუშველიდი და მათ მეც ზედ მიმაყოლებდნენ.
თანდათან ხმაური მინელდა. ალბათ დაიღალნენ და გალეშილებმა დაიძინეს. სიჩუმეში სატვირთო მანქანის ხმა გავიგონე. ხმა თანდათან ძლიერდებოდა. მალე ჩემი საპყრობილის შორიახლო შეჩერდა. რაღაცეები გადმოტვირთეს. მოგვიანებით კარი გაიღო. ფანრის შუქზე ის ახალგაზრდა ვიცანი, რომელმაც გოგოს ესროლა.
- მე სოხუმელი ვარ - აფხაზურად მომმართა მან - გიცანით ძია ბორია. თქვენ მამაჩემის გასტრონომს ამარაგებდით და რამდენჯერმე იქ ეზოში, საჭესთანაც დამსვით. მეც ვერ ვიტან ამ ხეპრეებს, მაგრამ... სხვანაირად არ გამომდის. ის გოგო რომ არ მომეკლა, მთელი ბრბოს საჯიჯგნი გახდებოდა. მერე შეურაცხყოფილს, გათელილ-გაწამებულს მაინც მოკლავდნენ. რამდენჯერმე მოხდა ასე. ალბათ მთელი ცხოვრება ვერ მოვინანიებ მის სიკვდილს...
იმ არაკაცმა თქვენი თავი დამითმო. დავარწმუნე, რომ აფხაზების მოკეთე ხართ. ახლა ეს მანქანა ხიდამდე მიდის, მერე გადასვლა არ გაგიჭირდებათ. მშვიდობით, ძია ბორია. მამას გაუხარდება თქვენი გადარჩენა.
მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა, ფეხები გამიქვავდა. არ მჯეროდა ღვთის ეს წყალობა.
-წავიდეთ, ადამურს ეჩქარება.
-რა გქვია? ვისი შვილი ხარ?- ვკითხე გაოგნებულმა.
-რად გინდათ ჩემი ვინაობის ცოდნა? მთავარია, აქედან გადიხართ. - მოგუდული ხმით მითხრა მან.
-რომ დავბრუნდებით, უნდა მოგძებნო და მამაშენს მადლობა ვუთხრა ასეთი შვილის გაზრდისთვის.
-რომ დაბრუნდებით? - თავი გააქნია მან - ეს არც თუ ისე ადვილია...
-დავბრუნდებით, დავბრუნდებით.. ქართველებს და აფხაზებს რა გვაქვს გასაყოფი? ეს გაუგებრობაა. ყველაფერი გაირკვევა და ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ.
-ხოო.. გისმინოთ ღმერთმა. მე მიყვარს ქართველები. ერთი ქართველი ვაჟკაცი რომ არა, ათი წლის წინ ზღვის წერა გავხდებოდი, ჩემს დას სასწრაფოდ სისხლის გადასხმა დასჭირდა მშობიარობისას. იქ მყოფთაგან არავის აღმოგვაჩნდა საჭირო გჯუფისა და რეზუსის სისხლი. ქართველმა მედდამ უყოყმანოდ და სხვათაშორის, უანგაროდ მისცა სისხლი. რა დამავიწყებს ამას...
ახლა კი ვიჩქაროთ. თუ ძალიან გაინტერესებთ, მე ნესტორ ავიძბას შვილი ვარ, უჯუში.
ახალგაზრდამ მანქანაში ჩამსვა, მძღოლს დაავალა, ენგურის ხიდამდე უვნებლად მივეყვანე. ხელი მაგრად ჩამომართვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას.
მალე ხიდთან ჩამომსვეს. მიწაზე დავემხე და ღმერთს მადლობა შევწირე გადარჩენისთვის. ნამდვილი ვაჟკაცების არსებობისთვის და ხიდზე სირბილით განვაგრძე გზა.
თენდებოდა ზუგდიდს რომ მოვაღწიე. ჯვარის გადასახვევთან ლტოლვილები ირეოდნენ. ჩემი მეგობარი ვაჟა დავინახე. გაწამებული სახით ცოლ-შვილთან ერთად ხის ძირში იჯდა.
სიხარულით გადავეხვიე.
-ბორია?!- გაკვირვებით შესძხა მან. რამდენჯერმე მომიშორა და ისევ ჩამიკრა გულში.
-ჩვენ სვანეთით გამოვაღწიეთ წუხელ. ეხლა ცოლის ძმას ველოდებით, როგორ მიხარია , რომ გხედავ. შენზე თქვეს, აფხაზებმა მოკლესო. თმაზე რა მოგივიდა ბიჭო?
რა უნდა მომსვლოდა, ამდენი ხნის დაუბანელი ჯაგარივითაა.
კარგა ხანს ვილაპარაკეთ. გული უფრო დამეწვა, როცა რამოდენიმე მეგობრის სიკვდილი გავიგე. დიმას ახალდაბადებული ბავშვი უღელტეხილზე გაყინულიყო და დედა ხრამში გადამხტარიყო ამის შემცნობი. დიმა ძლივს გავაკავეთო. ცრემლები გულში წვეთავდნენ და ბოღმისაგან გული სივდებოდა.
ვაჟას დავემშვიდობე და წალენჯიხისკენ მიმავალი მანქანის ან ტრქტორის ძებნა დავიწყე. უშედეგოდ. რამდენიმე დღის უჭმელს თავბრუ მეხვეოდა.
ჩხოუშიასთან ჩავედი, რათა წყალი მაინც დამელია და პირი დამებანა. გაკვირვებისგან ენა ჩამივარდა. წყალში მთლიანად თეთრთმიანი კაცის ანარეკლი შემომყურებდა. ახლა მივხვდი, რამ გააკვირვა ვაჟა. თუმცა, თმის გათეთრებას ვინ ჩიოდა, რომ იმ ჯოჯოხეთიდან ცოცხლად გამოვაღწიე. იმის მერე, ყოველ ღამე თამარი, დალი და ვახტანგი მესიზმრებიან..
ეეხ... იქნებ ჯობდა, მეც ამომეღო ხმა და მათთან ერთად დავეხვრიტეთ... მაგრამ არა, მაშინ ხომ ვერ შევიცნობდი აფხაზი ბიჭის ვაჟკაცურ ბუნებას. მჯერა, ნამდვილ აფხაზებს ვუყვარვართ ქართველები და პირიქითაც...
დაზფრულები ვუსმენდით ბიძაჩემს.
- ღმერთმა მალე დაგვაბრუნოს და.. პირველსავე დღეს მივალ ავიძბებთან.. ის ბიჭი ნამდვილ აფხაზად, ნამდვილ ვაჟკაცად გაუზრდია….
P.S ბიძაჩემი სამი წელია გარდაიცვალა... აღარც მამაა ცოცხალი... ღმერთმა მალე დაგვიბრუნოს აფხაზეთი , აფხაზები და მაშინ მე ჩავალ სოხუმში, რათა უჯუში ვიპოვო...
(с) Manana Kakachia-Pipia
0 Комментарии